2020 წელს საქართველო შეუერთდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა horizon2020-თან ასოცირებულ 30 ქვეყანას - პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ და მკვლევართა ევროპული ღამე მათთან ერთად, სინქრონულად აღნიშნა.

27 ნოემბერს, ევროპელ მკვლევართა ღამის გალა ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ექვსი ქალაქის - თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის, თელავისა და ზუგდიდის საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებმა და მკვლევართა ღამის საერთო ევროპულ რუკაზე პირველად მოინიშნნენ.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ horizon2020-ის გამარჯვებული პროექტების ავტორი ქართველი მეცნიერები და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.

მკვლევართა ღამის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული მოსწავლეები და ტელეგადაცემის „დააბნიე მეცნიერი“ მონაწილე ბავშვები.